ყოველ საღამოს მზე ხუჭავს თვალებს,
თავს ვერ დააღწევს ღამის ლიანებს,
რვა თვალს მოავლებს დაბინდულ ჭალებს,
მეცხრე კი ცელქობს, ჩასვლას აგვიანებს.
მინდა, რომ გავფრინდე, მზეს მოვეხვიო,
ხელი არ გავუშვა, ვუთხრა: ნუ წახვალ!
ყურში ჩავჩურჩულო, მის სხივს ვემთხვიო,
დარჩენას შევთხოვ სინათლის შამანს,
მზე თვალს არ ახელს ამაო ჩქამზე,
საჩუქრად ტოვებს სიბნელის საბანს.
ყელთან ვგრძნობ უკუნის სისინა გველებს,
სუნთქვას მიკრავენ, მახრჩობენ სწრაფად,
მთვრალი ძილი კი მიკოცნის ხელებს,
სიზმარი დაცურავს ზღვის ლამაზ ქაფად.
0 comments:
Post a Comment