10 ლარი

Thursday, April 12, 2012

   ტყაპ-ტყუპ! ტყაპ-ტყუპ! - მიტანტალებს შიშველი ფეხები, -  ტყუპ-ტყაპ! ტყუპ-ტყაპ!
რაც თავი ახსოვს, სულ ასე დატანტალებს, ხან აქ, ხან იქ, ზევით, ქვევით, აღმა თუ დაღმა. არა! ჯერ დედა იყო მეხსიერების პირველი სხივი, თუმცა ბუნდოვანი.. პატარა იყო, ძალიან პატარა.. ახლა კი მარტო დახეტიალობს. ჩამოძონძილი, დაფლეთილი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით, შიმშილისგან ჩაცვივნული შავი თვალებით, მიწით გამოტენილი ფრჩხილებითა და გაძვალტყავებული შიშველი ფეხებით... ყველას ფეხებში ებლანდება. ვიღაცა დასჭყივლებს, ვიღაცა წიხლს ამოსცხებს, ისიც მოიკუნტება ტკივილისა და შეურაცხყოფისგან, ჭუჭყიანი მუშტით მალულად მოიწმენდს ლოყაზე მცოცავ ცრემლს და ახლა სხვას მიანათებს იმედით ანთებულ შავ თვალებს. იმედი ბოლოს კვდება!

 - დეიდა, დამეხმარე, შენი ლამაზი თვალების ჭირი მე!
-ბიძია, გაიღე მოწყალება, უფალი დაგლოცავს!
-ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
-წმინდა სამება იყოს თქვენი მფარველი!...
ხანდახან გამოანათებს შავ თვალებში ვერცხლისფრად მოელვარე მონეტა და ისიც გაბრწყინებული თვალებით ისე გალოკავს, თითქოს მსუყე, გემრიელი ნაყინი შეეთავაზებინოს ვინმეს. შემდეგ საგულდაგულოდ გამოკრავს პატარა გუდაში და გულის ჯიბეში შეინახავს. ხანდახან მონეტის მაგივრად მცირეოდენ პურს ან ფუნთუშას შესთავაზებენ. მშიერი, მაგრამ მადლიერი თვალებით სასოებით გამოართმევს და მადლობას გადაუხდის აკანკალებული ხმით. შემდეგ გემრიელად ჩაკბეჩს დსა უხმოდ ილუკმება.
  ერთი ბედნიერი დღე სამუდამოდ დაამახსოვრდება, ერთ ღვთისნიერ ადამიანს საუკუნოდ ექნება ადგილი მის გულში, ერთ კეთილი საქმე სიკვდილამდე დაიბუდებს მის გულშიც და გონებაშიც...
  ჩვეული ტანტალით შემოიარა ქუჩები, გამვლელები და ცარიელი ხელებით, სევდაჩაფრენილი თვალებით ჩამოჯდა ერთ კუთხეში.. მშიერი, წყლიანი მზერა მიმოატარა ირგვლივ და ვიღაცის დაჟინებულ მზერას შეეჯახა. ვერ გაუძლო გამჭოლ გამოხედვას და თავი ჩაღუნა.
კაპ-კაპ, კაპ-კაპ -  თანდათან მიუახლოვდა ცოტათი გაცვეთილი ორი ფეხსაცმელი. გამხდარი, ხმელი ხელი ლოყაზე ჩამოუსვა უცნობმა, შემდეგ ჯიბიდან დაკუჭული 10-ლარიანი ამოიღო, კალთაში ჩაუდო და უხმოდ გაშორდა. თავჩაღუნულს გაოცებისა და სიხარულის ყვირილი მოაწვა ყელში. სასწრაფოდ მიმოატარა თვალები აქეთ-იქით, მაგრამ ვეღარსად შენიშნა თვისი კეთილისმსურველი. ერთიანად კმაყოფილი, მადლიერი, ბედნიერი მიაჩერდა 10-ლარიანს, თავის განძს, და არავინ წამართვასო, სასწრაფოდ შეინახა გულის ჯიბეში.. შემდეგ ადგა და ფრთაშესხმული ხალხის ნაკადს შეერია..
... მოულოდნელი შეჯახებისგან გაოცებულმა ძირს დავიხედე. დამნაშავის თვალებით ამომხედა.
- სად მიგეჩქარება, პატარავ?
- სახლი უნდა ვიყიდო, დეიდა, სახლი! - აუციმციმდა თვალები, - თბილი სახლი, ტკბილი სახლი, ჩემი სახლი, -  და ადგილს მოსწყდა.
 თვალი გავაყოლე პატარა მათხოვარას და სანამ თვალს მიეფარებოდა, დავლანდე მისი გამხდარი ხელები, სასოებით რომ მიაქანებდა 10 ლარს...
ხელები ჯიბეში ჩავიწყვე და შემცივნულმა გზა გავაგრძელე...
 

0 comments:

Post a Comment